ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

30 ნოემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მიმართვით გაიხსნა. თინათინ ხანჯალიაშვილმა მოუწოდა საკრებულოს წევრებს დაგმონ გენდერული ძალადობის ყველა ფორმა, მათ შორის ფემიციდი და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებსაც სახელმწიფო გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის მიზნით 2017 წლიდან ახორციელებს. მისივე თქმით, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და თელავის მუნიციპალიტეტის გენედრული თანასწორობის საბჭომ 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით მერიას წარუდგინეს რეკომენდაციები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა და მარტოხელა მშობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევები დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ. თენგიზ მთვარელიშვილმა განაცხადა, რომ წარმომადგენლობითი ორგანო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გარდა ამისა, საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 34 მილიონ 336 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც 2021 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტს 6 მილიონ ლარზე მეტით აღემატება. პროექტის მიხედვით, ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის თანხის ზრდაა გათვალისწინებული.

დღესვე საკრებულოს ოცდაერთმა წევრმა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ლევან კოჭლოშვილი აირჩია. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღეს.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამბულატორიების შენობების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. გარდა ამისა, საკრებულოს განკარგულებით, მერს მიეცა თანხმობა, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადასცეს ნათია წიგნაძეს.

საკრებულოს დადგფენილებით კი ცვლილება შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში, რომლის ძირითადი მოტივია ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით თანხების მობილიზება.

გააზიარე