საკრებულომ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევის წესი დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევის წესი დაამტკიცა. პროგრამა, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდების, საინიციატივო ჯგუფების ან ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ნოვაციური/ინოვაციური ინფრასტრუქტურული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს კონკურსანტებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები.
საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცებას. 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტში სულ 11 სოციალური პროგრამა და ჯანმრთელობის დაცვის 5 ქვეპროგრამა იმუშავებს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის განსახორციელებლად თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან 2 392 600 ლარია გამოყოფილი.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე დაამტკიცა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები. თელავის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, სულ 27 პროექტის განხორციელება იგეგმება.
საკრებულოს გადაწყვტილებით, ცვლილება შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტსა და წარმომადგენლობითი ორგანოს 2019 წლის 27 თებერვლის მე-11 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა სპეციალური საშვი.
საკრებულოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ცენტრალურ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილები გამოიყო.
საკრებულომ ასევე თანხმობა მისაცა თელავის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტი შეუერთდეს „მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“. მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას 2030 წლისათვის, საკუთარ ტერიტორიაზე მინიმუმ 30%-ით შეამციროს CO2-ის (და სხვა სათბური აირების) ემისია ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ღონისძიებების საშუალებით და კლიმატის ცვლილების შედეგებთან შეგუებით აამაღლოს მუნიციპალიტეტის მედეგობა.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირება და ნორმატიული ფასი განისაზღვრა.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქალაქ თელავში და სოფლებში - იყალთოში, ნაფარეულში, ვარდისუბანში, აკურაში, ვანთასა და ჯუღაანში თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას.
თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ნელი აბეჩხრიშვილმა საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.