საკრებულოს კომისიებმა ადგილობრივი განვითარების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეხება თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.
აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტი 2017 წლის 14 დეკემბერს შეუერთდა. გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილებდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სამოქალაქო, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების დაფინანსება განსაზღვრულია ეროვნული პროგრამების, ადგილობრივი ბიუჯეტის, ბიზნეს სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მიერ.