საკრებულოს ფრაქციებმა, გენდერული თანასწორობის საბჭომ და არასამთავრობო სექტორმა საკოორდინაციო შეხვედრაზე 2023 წლის საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს, მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციებმა, გენდერული თანასწორობის საბჭომ და არასამთავრობო სექტორმა მომავალი წლის საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს და თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს.
პრიორიტეტების დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა გააცნო.
„დიდი მადლობა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს ასეთი საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრის ორგანიზებისთვის. თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ წარადგინა მნიშვნელოვანი ინიციატივები სოციალური მიმართულებით, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს ეხებოდა. ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე გამწვანებასა და რეკრეაციაზე, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მიმდნარე წელს 11 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება მხოლოდ სკვერების მოწყობაზე, რაც უპრეცედენტოა და არასდროს ასეთი სოლიდური თანხა ამ მიმართულებით არ გამოყოფილა. ჩვენ ძალიან მალე გვექნება რეკრეაციული ზონები და ამით ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ. გარდა ამისა, საინტერესო ინიციატივები ჰქონდა არასამთავრობო სექტორს. ყველა ამ ინიციატივაზე თელავის მუნიცვიპალიტეტის მერიასთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა შეძლებისდაგვარად აისახოს მომავალი წლის ბიუჯეტში. ჩვენ ერთი მთავარი მიზანი გვაქვს, მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.