საკრებულოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმაღლეს წარმომადგენელს უმასპინძლა

5 ივლისი, 2024

 

თელავის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი, სამართლის დოქტორი ანდრეას კიფერი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა უმასპინძლეს. 

საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ანდრეას კიფერმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. 

კიფერმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპის საბჭოს მუშაობის ძირითად მიმართულებებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაზე. 

საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენელს თელავის მუნიციპალიტეტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალური ვიზიტივით ვიყავი ბრიუსელში, სადაც ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაში მივიღე მონაწილეობა და სიტყვით გამოვედი. შეხვერაზე საქართველოში მოვიწვიე ბატონი ანდრეას კიფერი, რაზეც ის დამთანხმდა. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თელავის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის და ზოგადად მის მიერ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. 

ჩვენი ხელისუფლების მტკიცე და ურყევი ნებაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ასევე ჩვენს ქვეყანასთან ვროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამ გზაზე ბატონი ანდრეას კიფერის, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის სახით კვლავ ეყოლება ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი", - განაცხადა თენგიზ მთვარელოშვილმა. 

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვან როლზე. 

"ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი. რეკომენდაციების დიდი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობების შესასრულებელი იქნება, ამიტომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შევძლოთ არსებითი პროგრესის ჩვენება, თუმცა ამ მიმართულებით 12 წლის მანძილზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. ეს პროცესი დაიწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით, შემდეგ ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი სიკეთის მომტანია და ბოლოს ყველაზე მთავარი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს მინდა გითხრათ, დარწმუნებული იყავით, რომ ყოველთვის ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ მიერ განხორციელებული ეფექტური ღონისძიებებით, ჩვენი ღირსებითა და ქართული იდენტობით აუცილებლად მივაღწევთ იმ სანიკვარს მიზანს, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქივია და განსაკუთრებულ როლს დავიკავებთ იქ, სადაც ოდითგანვე იყო ჩვენი ადგილი", - აღნიშნა თენგიზ მთვარელიშვილმა.

გააზიარე