სამთავრობო კომისიის კონკურსზე თელავის მუნიციპალიტეტი დამატებით ათზე მეტ პროექტს წარადგენს

18 იანვარი, 2022

ქალაქ თელავის ურბანული განახლება ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურისა და თელავის ხევის სრული რეაბილიტაციით, თელავის ისტორიული ჭადრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის; ქალაქ თელავში თეიმურაზ ბაგრატიონის და ზრირა კიკვიძის ქუჩების ურბანული განახლების მიზნით ისტორიული შენობება-ნაგებობების ფასადების და სახურავების და ქალაქ თელავში გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე არსებული სათადარიგო ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია, - ესენი საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი დამატებითი პროექტების არასრული ჩამონათვალია. აღნიშნული პროექტები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე მოიწონა.

ჯამში კონკურსზე 2022 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი 30-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია წარდგენილი. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ძირითადი მიზეზია აღნიშნული პროექტების სამთავრობო კომისიისთვის დროულად წარდგენა და შესაბამისად მათი განხორციელება.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საპროექტო წინადადება, რომელიც სოფელ რუისპირის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

საკრებულოს დადგენილებით, თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიზანია მთავარ საფინანსო დოკუმენტში 2022 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნათშის ნაწილის ასახვა, რომლითაც დაფინანსდება ბიუჯეტის გადასახდელებში გარდამავალი პროექტები,  ვალდებულებები და მიმდინარე წელს განსახორციელებელი ღონისძიებები. 

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე დაამტკიცა საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.

გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის მიზნით საკრებულომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

 

 

გააზიარე