სტიქიისგან დაზიანებული სახურავების აღდგენის პროცესი დაიწყო
28 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც მრავალბინიანი სახლები, ასევე კერძო საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.
სახურავების გადახურვის სამუშაოები დაიწყო, პროცესი ადგილზე მოინახულა თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა.
,,სტიქიის დაწყების დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, მყისიერად გავედით შემთხვევის ადგილზე და დავიწყეთ დაზიანების აღრიცხვა.
სამუშაოების დაწყების შეფერხება უამინდობით იყო გამოწვეული, თუმცა მოსახლეობა უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია და შევიძინეთ სპეციალური ტენტები ნალექისგან დასაცავად, დღეს კი დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის უკვე დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლების გადახურვის სამუშაოები.
მერიის შესაბამისი სამსახურები სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს განახორციელებენ, რათა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სახურავების აღდგენა.,, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
სტიქიამ ჯამში, 200-დე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მთავრობის განკარგულებით, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 900 000 ლარია გამოყოფილი.