თელავის მუნიციპალიტეტი კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციარებს თანადააფინანსებს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადაფინანსებას.
პროექტი მიზნად ისახავს თელავის მუნიციპალიტეტში კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა ფუნქციურ დამოუკიდებლობასა და მათი საზოგადეობაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, კოხლეარული იმპლანტი გამოცდილი და ხარჯთეფექტური მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელსაც „ხელოვნურ სმენას“ უწოდებენ. ჯანდაცვის მიმართულებით ახალი ქვეპროგრამის დამატებამ თელავის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებაც გამოიწვია, რომელსაც წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მხარი დაუჭირა.
„იმპლანტი, ისვე როგორც ნებისმიერი სხვა ციფრული ტექნოლოგია, ცვდება და 5 წლის განმავლობაში მოხმარების შემდეგ საჭიროა მისი ჩანაცვლება. გარდა ამისა, იმპლანტის მოხმარება დაკავშირებულია მუდმივ ხარჯებთან, როგორიცაა ელემენტები და სადენები, რომლებიც ხშირად ზიანდება. არსებული სახელმწიფო პროგრამებით მსგავსი ხარჯები არ იფარება, ამიტომ ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის/ახალგაზრდის სათანადო მხადაჭერას.
თელავის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებულია კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 2 პირი, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ გარე პროცესორის შეცვლას. ღირებულება კონკრეტული პროცესორის შემთხვევაში შეადგენს 19 800 და 18 550 ლარს.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს შიდა იმპლანტზე მიმაგრებული გარე მეტყველების პროცესორის ღირებულების თანადაფინანსებას თითოეულ ბენეფიციარზე 10,000 ლარის ოდენობით.
შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიზნობრივად 20 000 ლარით იზრდება“, - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.
წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, დამტკიცდა სოფლებში - იყალთოში, ვანთაში, ნაფარეულსა და ჯუღაანში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების გეგმა. საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა სოფლებში - შალაურსა და რუისპირში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას.