თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამი მუნიციპალური პროგრამა დაამტკიცა

29 იანვარი, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წელს განსახორციელებელი ძეგლთა დაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-ახალგაზრდული პროგრამები დაამტკიცა. 

საკრებულოს განკარგულების მიხედვით, ჭადრის ხის დაცვის მიზნით იგეგმება სხვადასხვა სამუშაოსა და ღონისძიების განხორციელება. ძეგლთა დაცვის პროგრამის მიხედვით ამასთანავე გათვალისწინებულია ორჩიბაშიშვილების სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სამუშაოების შესყიდვა, დაბახნების გორის კვლევითი, არქეოლოგიური სამუშაოებისა და კონსერვაციის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა და სხვა.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას კი ემატება მასტერკლას-სემინარების ჩატარება კინოს, კერამიკის, მხატვრობისა და თეატრის მიმართულებით. თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განმარტებით, მასტერკლასებს ჩაატარებენ შესაბამის სფეროში მოღვაწე კომპეტენტური, პროფესიონალი და ცნობილი ადამიანები, რაც ხელს შეუწყობს სახელოვნებო დარგებით დაინტერესების ზრდას, დარგების პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას.

რაც შეეხება სპორტულ-ახალგაზრდულ მუნიციპალურ პროგრამას, მას დაემატება ენდურო-მოტოკროსი, რომელიც წარმოადგენს მოტორბოლის სახეობას რთულ რელიეფზე, ტრამპლინებით და დაბრკოლებებით მოწყობილ სპეციალურ მოტოდრომზე. ღონისძიების მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში მოტოსპორტის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობის განვითარება.

საკრებულოს წევრებმა ამასთანავე მოიწონეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდსათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის საპროექტო წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს სოფელ თეთრიწყლებში მინი მოედნისა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობას.

წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა 2024 წლის ბიუჯეტში. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების ძირითადი მოტივი მდგომარეობს როგორც ადგილობრივი ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების 2024 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვაში, რომლითაც განხორციელდება ცვლილება ბიუჯეტის გადასახდელებში გარდამავალი პროექტების, ვალდებულებების და განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

გარდა ამისა, საკრებულომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებების შეტანის მიზნით. 

ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამასთანავე თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ, ასევე საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N27 დადგენილების - „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ - ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის მისაღებად.

გააზიარე