თელავის მუნიციპალიტეტში უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

25 იანვარი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საგარეჯოში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების და გმირულად დაღუპული პოლიციელისათვის პატივის მიგებით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯომარე თენგიზ მთვარელიშვილმა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს.

წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა 2023 წლის ბიუჯეტში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელება.

"2023 წელს თელავის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამ მასშტაბის აღმშენებლობა, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება, უპრეცედენტოა და ამ სიკეთეს მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს. ინფრასტრუქტურის გარდა, განვითარება და პროგრესი შეეხო ყველა მიმართულებას", - განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საკრებულომ ამასთანავე დაამტკიცა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამები. სპორტულ-ახალგაზრდულ პროგრამას დაემატება ცალკე მიმართულება - ოფროუდი, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული ტურიზმისა და სპორტის ამ სახეობის განვითარება.

საკრებულოს დადგენილებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასი განსაზღვრა და უცვლელი დარჩა.   

დღესვე საკრებულომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალური ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფსა და შეღავათებში ცვლილებების შეტანის მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება ასევე დაიწყო ნორმატიული აქტის მისაღებად, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, წარმომადგენლობითმა ორგანომ მერს თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის შესახებ. 

ამასთანავე საკრებულოს განკარგულებით, უარი ეთქვა სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვანთაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე.

საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას. აღნიშნული საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცეს მერიისა და საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები.

ნორმატიულ აქტების მიღების საფუძველია საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონები, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 2022 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.

გააზიარე