თელავის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა

27 სექტემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა. პირველი საკითხი იყო საკრებულოს ახალი წევრის, ირაკლი სულხანიშვილის უფლებამოსილების ცნობა, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. სულხანიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის გამოკლებული წევრის, ლევან ოთიურიძის ადგილმონაცვლეა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატ ლევან ოთიურიძეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 30 აგვისტოს უფლებამოსილება შეუწყდა.

გარდა ამისა, სხდომაზე, რომელსაც მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებების პროექტი. თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებამ განახორციელა საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები, საიდანაც ჯამში 27 110 ლარი დარჩა.

დარჩენილი ეკონომიიდან 20 500 ლარი უნდა მოხმარდეს დაბახნების არქეოლოგიურ სამუშაოებს, ხოლო 6610 ლარი კი გათვალისწინებულია ძველი გალავნის „კვირიკეს ციხის“ განათების გაძლიერებისთვის, რომელიც გულისხმობს ახალი პროეჟექტორების ჩამატებას.

დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში ცვლილების პროექტის შესახებ. 

პროექტის მიზანია საკრებულოს დადგენილების საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა და ამავე დროს მერიის იურიდიული სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს აღნიშნული კოდექსის საფუძველზე მიეცეს სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესაძლებლობა. 

საკრებულოს წევრებმა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების პროექტიც განიხილეს. პროექტის მიხედვით, ფესტივალი „ხელოვნება და შემოქმედებისა“ და „არქეოლოგიური ბანაკის“ განხორციელების შედეგად ეკონომიის სახით დარჩა 2620 ლარი, რომელიც დაემატება ღონისძიებას „კულტურული ინიციატივები“. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ტრანსპორტირებით მომსახურებისთვის.

სხდომაზე დეპუტატებს ასევე მერიის  მიერ ინიცირებული სხვა პროექტებიც წარუდგინეს, რომლებიც სოფელ რუისპირში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი ბინის მოქალაქე იზოლდა ჭყოიძისთვის უსასყიდლოდ თხოვების ფორმით, დროებით სარგებლობაში 2 წლის ვადით გადაცემასა და შშმ პირების რეაბილიტაციის ცენტრ „მოვუსმინოთ სამყაროსთვის“ ქალაქ თელავში, დავით რექტორის ქუჩა N8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართის 2 წლის ვადით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებს.

საკრებულოს წევრებმა მერიის მიერ ინიცირებულ ყველა პროექტს მხარი დაუჭირეს.

 

 

 

 

გააზიარე