თელავში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა!
თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.
მემორიალზე გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.
ღონისძიებას თელავის კულტურის ცენტრის, ისტორიული მუზეუმის, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის, თელავის მთავარი ბიბლიოთეკის, საჯარო სკოლების და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ აღნიშნა, 30 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„9 აპრილი არის ტრაგედია, რომელმაც დამოუკიდებლობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ ეს გმირები და გავუფრთხილდეთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას!“ - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ აკურაში ყვავილებით და სანთლებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპული გმირის - შალვა (დათო) ქვასროლიაშვილის საფლავი.
აქვე აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შალვა ქვასროლიაშვილის გმირობის შესახებ ისაუბრეს: შალვა ფეხმძიმე ქალის გადასარჩენად წინ აღუდგა სადამსჯელო რაზმს და თავი გასწირა. იგი 35 წლის ასაკში ნიჩბით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. გადარჩენილ ქალბატონს ვაჟიშვილისთვის მადლიერების ნიშნად მისი სახელი დაურქმევია.
დიდება გმირებს!