თელავში „დედა ენის“ დღე აღინიშნა

14 April, 2019

თელავში "დედა ენის" დღე აღინიშნა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და მოქალაქეები „დედა ენის“ ძეგლთან შეიკრიბნენ, ყვავილებით შეამკეს ძეგლი და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საზოგადოებას მიმართა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ქართული ენის პროფესორმა როინ ჭიკაძემ. მან აღნიშნა, რომ ქართულ ენას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

„არ არსებობს მსოფლიოში ქართული დამწერლობის ანალოგი, რადგან ქართველებს გვაქვს სამი ანბანი (ასომთავრული, ნუსხური და მხედრული). ქართულ ენაში ყოველი ბგერა შეესატყვისება კონკრეტულ ასოს, რაც სხვა ენებში ასოთა კომბინაციებით არის გამოხატული.“ - განაცხადა როინ ჭიკაძემ.

 

 

 

 

 

დამსწრე საზოგადოებას დედა ენის დღე მიულოცა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა „დედა ენის“ დღის დაწესების ისტორია გაიხსენა და ახალგაზრდებს მოუწოდა მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ქართულ ენას, ისაუბრონ სწორი ქართულით და მოერიდონ ბარბარიზმების და ე.წ. „სლენგის“ გამოყენებას.

 

 

 

 

 

 

1978 წელს 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართული ენა გამოცხადდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე