თელავში, „ლეგიონის დასახლებაში“ მყოფ ოთხ ოჯახს ბინები გადაეცემა

25 April, 2019

თელავის საკრებულოს განკარგულებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.

სახელმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მომართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თამარის ქუჩაზე, ე.წ. ლეგიონის დასახლებაში მდებარე ოთხი ბინის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ ბინებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ბინების გადაცემა.

„მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამის უფლება აქვს სახელმწიფოს. ამ ფაქტორის გამო გადასცა თელავის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოს საკუთრებაში უძრავი ქონება. თელავის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ზრუნავს მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი დასტურია“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

გარდა ამისა, საკრებულომ მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „სოფელ ქვემო ხოდაშნის ქალთა საინიციატივო ჯგუფისათვის“ და ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემას.

გააზიარე