თელავში მსახიობ ვანო იანტბელიძის ვარსკვლავი გაიხსნა
ქართული თეატრის დღე - 14 იანვარი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ თელავში აღნიშნა. 258 წლის თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე, ამავე თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერისა და თელავის საპატიო მოქალაქის - ვანო იანტბელიძის 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რაც მსახიობის სახელობის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი - ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
ვანო იანტბელიძე მაყურებლის წინაშე მის მიერ სხვადასხვა სპექტაკლში განსახიერებული როლებიდან „მონოლოგით“ წარდგა. გაიმართა საქართველოს თეატრალური საზოგადოების 2018 წლის სათეატრო შეჯამება და პროფესიული პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალი. მოეწყო ლაშა ჩხარტიშვილის და გია ცქიტიშვილის წიგნების - „258 წლის თელავის თეატრი“ და „ბერიკა-მსახიობელი“-ს პრეზენტაცია.
თეატრალურმა საზოგადოებამ განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და „თეატრის მხარდამჭერი მერი“-ს წოდება მიანიჭა თელავის, ქუთაისის, ოზურგეთის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერებს.
ამაგდარის წოდება მიენიჭათ სხვადასხვა თეატრის ტექნიკურ პერსონალსა და ღვაწლმოსილ მსახიობებს. მაჩაბელას დასის ჯილდო გადაეცა თელავის თეატრს; სანდრო ჟორჟოლიანის სახელობის პრემია, სახასიათო როლების შესრულებისთვის, გადაეცა თელავის თეატრის ხელმძღვანელს - პაატა გულიაშვილს, ხოლო თეატრალური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო - აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა მსახიობ ვანო იანტბელიძეს.