თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

23 აგვისტო, 2019

სასტუმრო ,, The Wine Hotel Telavi“-ში რთველი-2019-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

ღვინის მწარმოებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა დარგში არსებული მდგომარეობაზე, რთველი-2019-ის მოლოდინებსა და გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ვენახების კადასტრის პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა. წელს პირველად, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.
ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე- 1501.

შეხვედრას ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი - გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ლევან შალამბერიძე და თვითმმართველობების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

გააზიარე