თელავში, საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

7 April, 2023

ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავდა.

დოკუმენტის განხილვა თელავში მოეწყო. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი დაესწრო.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა, კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

დოკუმენტით შემოთავაზებული მთავარი სიახლე არის სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა. ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც გულისხმობს როგორც საერთო სარგებლობას, ასევე იჯარას. მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.

 

 

გააზიარე