ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით მდებარე ტყე-ტბა გულგულის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. საკრებულოს წევრების ტიტე დარეჯანიშვილისა და ვასილ არაბულის ინიციატივით არქეოლოგიურ სამუშაოებში სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. სამუშაოების დროს ახალგაზრდებმა მიაკვლეს კერამიკის ჭურჭელს, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიურ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ისინი გაეცნენ გათხრებისა და მონაპოვარი მასალების დამუშავების ტექნოლოგიას. ეს სკოლის მოსწავლეებისათვის სერიოზული მოტივაცია იქნება და მათ სკოლის დამთავრებამდე გაუჩნდებათ გარკვეული ინტერესი პროფესიის შერჩევაში“, - განაცხადა ტიტე დარეჯანიშვილმა.
2018 წლიდან დღემდე სპეციალისტებმა გვაინბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომებს მიაკვლიეს, სადაც გალავნები, მარცვლეულის შესანახი ხარო, ქრისტიანული პერიოდის ხუროთმოძღვრული ძეგლები, განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII ს.ს.) კერამიკული მასალა, რკინის ისრის პირები და ლოდსატყორცნის ქვა (ჭურვი) აღმოაჩინეს.
არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელსაც დოქტორი გიორგი ლაღიაშვილი ხელმძღვანელობს, შ.პ.ს. ,,ბჭისკარი,, აწარმოებს”. ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარს გასული წლის დეკემბერში მიაკვლიეს. სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით მდებარე ნაქალაქარი ვახუშტი ბატონიშვილსა და მე-11 საუკუნის ცნობილ ისტორიკოსს, ლეონტი მროველს თავიანთ ნაშრომებში აქვთ მოხსენიებული. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა კახეთ-ჰერეთის საზღვარი იყოს.