ჟურნალი "ოლე" 15 წლისაა
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთი“-ს ორგანიზებით ჟურნალი „ოლე“-ს 15 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრებმა და ჟურნალის ერთგულმა მკითხველებმა „ოლე“-ს შექმნიდან დღემდე განვლილი გზა გაიხსენეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ ჟურნალი „ოლე“-ს სარედაქციო კოლეგიას თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მიულოცა მნიშვნელოვანი თარიღი, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ლიტერატურის განვითარების საქმეში დახმარება აღუთქვა.
აქვე, საქართველოს მწერალთა კავშირის და მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთი“-ს წარმომადგენლებმა ლიტერატურის და ჟურნალი „ოლე“-ს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ერთგულ ავტორებსა და მხარდამჭერებს სპეციალური სიგელები და დიპლომები გადასცეს.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა მადლობა გადაუხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს - ირაკლი ქადაგიშვილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს - შოთა ნარეკლიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს - არჩილ თხლაშიძეს და „ქართული მწერლობის ქომაგის“ წოდებები მიანიჭა.