ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობების შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაცია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მიაწოდა.
ნათია ვაყელიშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობების გეგმა 39 მილიონ 923 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც 4 მილიონ ლარზე მეტით აღემატება 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული ბიუჯეტის მაჩვენებელს.
ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 9 მილიონ ლარს შეადგენს.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შემუშავება.
სხდომაზე ამასთანავე იმსჯელეს მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს:
▶️ლევან გალუსტიანის მიერ ქ. თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე 30 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობის შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლებაზე მერისთვის თანხმობის მიცემას;
▶️თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ჩემი თელავისათვის“ და ასევე ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
▶️თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებას.