ცხელი ხაზი : +995(350)273106

კონდოლი

კონდოლის ადმინისტრაციული ერთეული

კონდოლი საქართველოში არსებულ იმ ისტორიულ სოფელთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თავიანთი არსებობით და ტკბილ-მწარე ცხოვრებით ქმნიდნენ ქართველი ერის სახელოვან ისტორიას. იგი უძველესი დროიდან ალაზნის უმშვენიერესი ველის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილთაგანი ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში სოფლის ძირძველი მკვიდრნი თანდათანობით სამხრეთით ასახლებულან და შეუქმნიათ დღევანდელი სოფლის განაშენიანების გეოგრეფიული არეალი. თაკარა მზე და ფრიად ნაყოფიერი ალაზნის ველი ყოველთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა კულტურების წარმოებისათვის. ოდითგან სოფელში კულტივირებული ყოფილა სახელგანთქმული დოლის პურის (ხორბლის ჯიშის) წარმოება. სწორედ კონა-კონად შეკრული დოლის ხორბლის თავთავებისგან წარმოიშვა სოფლის სახელწოდება- “კონა-დოლი”, შემდეგში კონდოლი.
სოფლის უძველეს მკვიდრთ სხვა კულტურულ ღირებულებებთან ერთად უხვად შეუქმნიათ სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლები. კონდოლელთა სიამაყეს წარმოადგენს იშვიათი, უძველესი არქიტექტურული ქმნილება “ნათლიმცემლის” ბაზილიკა, რომელიც სოფლის ჩრდილოეთით დაბოლოებაში აუგიათ ჩვენს წინაპრებს ჩვ.წ-აღ VI საუკუნეში იოანე ნათლისმცემლის საპატივსაცემოდ. ეს დიდებული არქიტექტურული ძეგლი გრძელი, ვიწრო შენობაა,შედგება სამი ნავისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გაყოფილია ორი წყვილი სვეტით. ბაზილიკას მშვენიერებას მატებს არქიტექტურული კამერებით მოწყობილი გადახურვა, რომლებიც მთლაინად შეკრულია მკვიდრად ნაგები დამჭერი თაღებით. კონდოლის ბაზილიკას მნიშვნელოვანი რესტავრაცია განუცდია XIX ს-ში.
ასევე სოფლის სიამაყეს წარმოადგენს სოფლის ცენტრში ამაყად ნაგები “კვირაცხოველის” ეკლესია, რომელიც აგებული უნდა იყოს XVIII ს-ის მე-2 ნახევარში თავად რჩეულიშვილების მიერ. XX ს-ის ბოლოსთვის ეკლესიას ჩაუტარდა კაპიტალური რესტავრაცია. 2000 წლის “კვირაცხოველის” ეკლესია აკურთხა ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა დავითმა. ტაძარი არის მოქმედი.
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირას აღინიშნება უდიდესი რელიგიური დღესასწაული კვირაცხოვლობა, რომელსაც ზეიმობს კონდოლის ძირითადი მოსახლეობა. განსაკუთრებით ყურადსაღებია სოფლის ბოლოში მკვიდრად ნაგები დიდებული ეკლესია “ღვთისმშობელი”. სოფელში მრავლადაა არქიტექტურული ძეგლები, აქ 14-ზე მეტი ძველი კულტურული ძეგლია,რომლებიც სოფლის მდიდარ ისტორიულ წარსულზე მეტყველებენ.
კონდოლის შვილები უძველესი დროიდანვე გამოირჩეოდნენ თავიანთი ვაჟკაცობით. მარტო იმის აღნიშვნაც კმარა, რომ მეფე ერეკლეს მრჩეველი შოლომონ ლიონიძე კონდოლელი იყო და ადგილ-მამული, დიდი მარანი ქვევრ-ღვინით კონდოლში ჰქონდა. მეფე ერეკლე კონდოლის ხშირი სტუმარი ყოდილა.
კონდოლელების შემოსავლის წყარო ოდითგანვე მევენახეობა ყოფილა. კონდოლის ღვინის ქება კი თვით დიდი ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის დახასიათებითაც ცნობილია. იგი წერს: ”ღვინო კეთილი, კონდოლისა წარჩინებული”.
დღეის მდგომარეობით სოფლის მოსახლეობა შეადგენს 2753 კაცს. სასოფლო-სამეურნეო სავარგულოს ფართი არის 2698 ჰა.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ბონდო მიქაძე


მობ: 599-85-77-67
E-mail: kondoli.telavi@gmail.com
სპეციალისტი
  • ლიანა რაზმაძე - მობ: 579-53-33-11

გადიდებული რუკის ნახვა
გააზიარე