ნაფარეული
ნაფარეულის ადმინისტრაციული ერთეული
ნაფარეული მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ლოპოტის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 420 მეტრი, თელავიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2003 ადამიანი.
აღმოსავლეთით სოფელს ესაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით საზღვარი გასდევს მდინარე ლოპოტას, ჩრთილოეთით ესაზღვრება სოფელი ლაფანყური და კავკასიონის მთები, სამხრეთით მდინარე ალაზანი.
სოფელს გააჩნია 1151 ჰა სახნავ-სათესი მიწა, 84 ჰა ტყე-ბუჩქნარი.
"ნაფარეული" ცხვრის ფარის ნადგომს - ნაფარეულ ადგილს ნიშნავს. სოფელზე გადიოდა "ცხვირს გზა" (ჭიაურის გზა), რომელიც, სოფლების ნაფარულის, საბუის, შილდის, ყვარელის, ჭიაურის გავლით დაღესტნის მთებში ადიოდა. ამ გზით დაჰყავდათ ცხვარი თუშებს, კახელების ნაწილს და პანკისელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, სახელი "ნაფარეული" წარმოშობილი უნდა იყოს ლეკთა თარეშის პერიოდში. ხალხი ლოპოტის სანაპიროზე იყო დასახლებული, მტრის შემოსევების დროს ისინი ვიწრო ხეობებს აფარებდნენ თავს, თავის შეფარებამ და ნაფარმა ადგილმა "ნაფარეულის" სახელწოდება მიიღო.
მეცხვარეობა-მესაქონლეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ურთერთობის საქმეში, ამიტომ, ეს გზა შუა საუკუნეებში მეტად ზრდიდა ნაფარულის მნიშვნელობას, სოფელზე გადიოდა „გრემის არხი” - შუა საუკუნეების მნიშვნელვოანი საირიგაციო ნაგებობა, რომლის სათავე მდინარე ლოპოტას ზემო წელში, სოფელ ლაფანყურიდან შვიდიოდე კილომეტრზე, გონჯახევის გოგირდოვან წყლებთანაა.
სოფელში უამრავი ტოპონინია, აქ შეხვდებით დედა მარიამის გორას, "23 აპრილის გორას", "კოპალის გორას", "სამების გორას", "უდაბნოს გორას", "დევის ნაფეხურს" და სხვა.
სოფელში შემორჩენილია 8 ეკლესია: წმინდა გიორგის სახელობის, დედა მარიამის, სამების, გმირ კოპალის, იოანე ნათლისმცემლის, ხატიაანთი, წმინდა კვირიკეს და ხვთისმშობლის სახელობის.
სოფელ ნაფარეულში, საშუალო სკოლის შენობასთან ახლოს, დგას ძველი, დარბაზული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ლოპოტის ტბის მარჯვენა ნაპირზე არის წმინდა გიორგის სახელზე აგებული დარბაზული ეკლესია, მდინარის მარცხენა ნაპირას კი მთაზე დგას განვითარებული შუასაუკუნეების ხანის მცირე ზომის ორსართულიანი კოშკისებური ნაგებობა, რომლის პირველი სართული ფორმით ეკლესიას წააგავს. ადგილობრივი მოსახლეობა მას სამლოცველოდ იყენებს. მეორე სართულის ფუნქცია გაურკვეველია.
წმინდა მარიამის სახელზე მოქმედი სამლოცველო მცირე სენაკს წააგავს და ნაგებია უსწორმასწორო ნატეხი ქვებით. სამლოცველოს ერთი შესასვლელი აქვს – დასავლეთის მხრიდან, არ გააჩნია სარკმლები და აბსიდი. როგორც ჩანს, ნაგებობა სამეურნეო დანიშნულებისა იყო. იქვე მოჩანს ძველი ეკლესიის ნანგრევთა მცირე ფრაგმენტები, რომელთა მიხედვით შენობის ტიპში გარკვევა გართულებულია. სავარაუდოდ, ძეგლი XVIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ნაფარეულში მდებარეობს "დიდი კლდის" სახელით ცნობილი სამების ეკლესია, რომლის აგების თარიღი დადგენილი არ არის.
XVIII საუკუნის შუა წლებშია აგებული ნაფარეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ციხე-გალავანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა "ლეკიანობის" თუ სხვა გარეშე მტერთაგან ახლომახლო მოსახლეობის თავდაცვის საქმეში. მართკუთხედის ფორმის ძველი ქართული ციხე გალავანი ოთხი ბურჯით ერეკლე მეორეს აუშენებია. ამბობენ, რომ ოთხივე ბურჯს მიწისქვეშა გვირაბები აერთიანებს. ციხე-გალავანმა XIX საუკუნეში დაკარგა თავისი ფუნქცია, მოსახლეობამ იგი ქვის კარიერად აქცია, რამაც ძეგლი ძლიერ დააზიანა.
ნაფარული და მისი შემოგარენი კახეთის სამეფოს წარმოქმნის და შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ეპოქაშიც (XVI-XVIII საუკუნის I ნახევარში) საუფლისწულო მამულად ითვლებოდა, თუმცა, უკვე XVIII საუკუნის დასაწყის, დავით II-ის (იმამყული-ხანი) მმართველობის დროს, სოფელის მამულების ერთ ნაწილზე ხელი მიუწვდებოდათ აზნაურ-პეტრიშვილებს. ერთი ამ სახლის შთამომავალთაგანი ერეკლე II-ის "მებალახე" მოხელეა, ნაფარული ტერიტორიულად ნეკრესისა და ალავერდის საეპისკოპოსოთა გავლენის საზღვარზე მდებარეობდა, რის გამოც, შუა საუკუნეებში, ორ ეპისკოპოსს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დავას სოფლის თაობაზე.
თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, XVIII საუკუნის 80-იან წლებში, რუსეთში გაწეული ელჩობის ჯილდოდ, ერეკლე II-მ აღადგინა გარსევან ჭავჭავაძის სახლი და მას, სხვა წყალობებთან ერთად, უბოძა ეშიკაღაშბაშობა და სოფელი ნაფარეულიც. ამ დროიდან სოფელი თავად ჭავჭავაძეთა კუთვნილებაა. ტერიტორიულად ის კახეთის მეორე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა და ომიანობის შემთხვევაში სოფლიდან გამოსული ლაშქარი ნეკრესელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ნაფარეული ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრის შემადგენლობაშია.
1812 წლის ზაფხულში, მეფის რუსეთის წინააღმდეგ კახეთის აჯანყების დროს, ციხის მიდამოებში, მეფის ჯარებსა და კახელ მოლაშქრეთა შორის, მოხდა მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებულმა კახელებმა ომან მაყაშვილი და იოსებ ანდრონიკაშვილი ნაფარეულიდან ერევანში გაგზავნეს, რათა იქ მდგომი ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთის ტახტზე მოეწვიათ.
XIX საუკუნის 20-იან წლებში, გარსევან ჭავჭავაძის მემკვიდრემ - ალექსანდრემ მილიონი მანეთის სესხი აიღო და იგი ნაფარეულში მევენახეობისა და მეხილეობის მეურნეობის მოსაწყობად გამოიყენა (მეურნეობა 1921 წელს გადაკეთდა ნაფარეულის საბჭ. მეურნეობად).
1883 წელს ნაფარეულში დაარსდა ღვინის ქარხანა, რომელიც XX საუკუნეშიც მოქმედებდა. სოფელში განვითარებულია მეხილეობა, მემინდვრეობა, მეცხოველეობა.
სოფელში ფუნქციონირებს ღვინის მინი ქარხანა "შპს მარანი", ნაფარეულში შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე დიდი ზომის „ქვევრი“ თუ ესტუმრებით "ტყუპების ძველ საღვინე სახლს".
სოფელ ნაფარეულის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში "23 აპრილის გორის" გადასწვრივ მდებარეობს დასასვენებელი კომპლექსი - "სასტუმრო ლოპოტა".
გიორგი ჯიქურიშვილი
მობ: 551-59-98-27
E-mail: nafareuli.telavi@gmail.com
სპეციალისტი
- ნინო ბაინდურაშვილი - მობ: 577-62-62-09
- ლიანა ნათათრიშვილი - მობ: 551 10 94 62