თელავის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა

19 April, 2023

თელავის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ - 83 ერთეული 1,100 ლიტრიანი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 1 ერთეული 7 მ3 კუბიანი მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი გადასცა.

ქაღალდის/მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელდება. იგი მიზნად ისახავს ქაღალდის/მუყაოს სეპარირებულ შეგროვებას თელავში - წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში განთავსებულ ლურჯი ფერის 1,100 ლიტრიანი კონტეინერების საშუალებით, რომლის შესახებაც მომზადდება საპილოტე ტერიტორიების რუკა.

შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალურ საწყობში შესაბამისი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანით, სადაც მოხდება მათი დაპრესვა და მომზადება სარეალიზაციოდ.

ქაღალდის და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების პრაქტიკის დანერგვას.

საპილოტე პროექტი “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) შემადგენელი ნაწილია და ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

 

გააზიარე