ცხელი ხაზი : +995(350)273106

ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა

12 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლების სამხრეთით მდებარე ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა.

2018 წლიდან დღემდე, სპეციალისტებმა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სადგომს მიაკვლიეს, სადაც ადრეშუასაუკუნეების სამეურნეო ხარო, ღუმელი და მცირე ზომის თახჩა აღმოაჩინეს.

არქეოლოგთა შეფასებით, ამავე სადგომის ინტერიერში გამოვლენილი ბრინჯაოს პერიოდის და განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული მასალა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ნაქალაქარი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან მოყოლებული ინტენსიურად დასახლებული ტერიტორია იყო.

პარალელურ რეჟიმში, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს სამოსახლარის II (ქვედა) ტერასაზე, სადაც ნამოსახლარის (სადგომის) ფილაქნით მოგებული იატაკი აღმოაჩინეს.

არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელსაც დოქტორი გიორგი ლაღიაშვილი ხელმძღვანელობს, შ.პ.ს. ,,ბჭისკარი,, აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 949 ლარით ფინანსდება.


 

 

გააზიარე