ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტექნო-ბანაკი თელავში

11 სექტემბერი, 2018

2018 წლის 8-11 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით ტექნოლოგიური ბანაკი მოეწყო, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ 4 დღის განმავლობაში მიეღოთ ინფორმაცია მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ.
ღონისძიების გახსნას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა ახალგაზრდებს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თელავში ფუნქციონირებას დაიწყებს რეგიონული ჰაბი - ტექნოპარკი, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს. 
ტექნო-ბანაკი სესიებს, გუნდურ სამუშაოებს და პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა, რაც ახალგაზრდებისთვის სახალისო და საინტერესო იყო. ღონისძიების დასასრულს, ბანაკის მონაწილეები სამ ჯგუფში გადანაწილდნენ - თითოეულ ჯგუფს კონკრეტული მიმართულებით მიეცა დავალება, რის შემდეგაც მათ უმოკლეს დროში შექმნეს ანიმაციები, შეიმუშავეს ბიზნეს-იდეები და „ლეგოს“ გამოყენებით ააწყეს რობოტები. 
ახალგაზრდებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც მონაწილეებს სერტიფიკატები და Step-აკადემიის სასწავლო ვაუჩერები გადასცა.

გალერეა

გააზიარე