ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში მხატვარ სერგო ასლანიშვილის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა

19 თებერვალი, 2019

2019 წლის 19 თებერვალს თელავის საპატიო მოქალაქის, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის დამაარსებლის, მხატვარ სერგო ასლანიშვილის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

სამხატვრო სკოლის ფასადზე მხატვრის მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაზე შეკრებილმა თანაქალაქელებმა, ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა, მოსწავლეებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სერგო ასლანიშვილის ცხოვრებისეული მომენტები და ისაუბრეს მშობლიური            ქალაქისადმი მის მიერ გაწეული ღვაწლის შესახებ.

 

 

 

ბიოგრაფია

სერგო ასლანიშვილი 1924 წლის 19 თებერვალს ქ. როსტოვში დაიბადა.  ოჯახი მალე დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ თელავში და პატარა სერგო თელავის შურღაიას სასწავლებელში მიიყვანეს (დღევანდელი მე-4 საჯარო სკოლა). გარკვეული პერიოდის შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ, სადაც  სწავლა 27-ე სკოლაში განაგრძო. სერგო მეოთხე კლასში იყო შექმნა ტრამვაის მაკეტი. მისი ნიჭი ადრევე იქნა აღმოჩენილი და პედაგოგთა რეკომენდაციით, მშობლებმა სამხატვრო ტექნიკუმში შეიყვანეს (რომელსაც შემდგომ ნ. ნიკოლაძის სახელი მიენიჭა).

1942 წელს, სამამულო ომის დროს, მესამეკურსელი სერგო ასლანიშვილი ჯარში გაიწვიეს, სადაც პლაკატებსა და ლოზუნგებს აფორმებდა.

1944 წელს დაამთავრა სამხატვრო ტექნიკუმი და წარმატებით ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. მას „ფერების ოსტატს“ უწოდებდნენ. აკადემიის დასრულების შემდეგ, მიუხედავად აკადემიის ლექტორად დარჩენის შეთავაზებისა, სერგო ასლანიშვილი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც სახვითი ხელოვნების წრე გახსნა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 1962 წელს დააფუძნა  ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა, რომლის  დირექტორიც გახლდათ 2006 წლამდე, ხოლო პედაგოგიურ საქმიანობას 2008 წლამდე ეწეოდა.

სერგო ასლანიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 1952 წელს მოეწყო. 1983 წლიდან  იგი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს მხატვართა ფონდში, წინანდლისა და თელავის მუზეუმებში.

„სანამ თელაველებს ფუნჯს არ დავაჭერინებ ხელში, ვერ მოვისვენებო“ - უთქვამს. არაერთი მხატვარი აღიზარდა მის ხელში: ჯ. ხუციშვილი, ე. ხუმარაშვილი, გ. კოლელიშვილი, ზ. ბაჩანაშვილი, შ. მატუაშვილი, გ. გოზალიშვილი და სხვები.


1984 წელს სერგო ასლანიშვილს მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. 2001 წელს მიწვეული იყო საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილ გამოფენაზე მისი ყველა ნამუშევარი გაიყიდა. ფერწერული ტილო  „საზამთროები“ ინახება საფრანგეთში - ჟაკ შირაკის კოლექციაში.  2003 წელს დაჯილდოვებულია ღირსების მედლით. 2009 წლიდან არის თელავის საპატიო მოქალაქე.

იხ. ალბომი

გააზიარე