თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავი აღინიშნეს

26 May, 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წელი გავიდა. თელავში ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორების“ თავმჯდომარე მაია მარკოზაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომარე ტიტე დარეჯანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი ჩაბრაშვილი და ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე არჩილ თვალიაშვილი ერთიანი საქართველოსთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.


დეპუტატებმა მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თელავის თეატრის ფოიეში გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრებისა და თელავის ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო „სხივის“ კურსდამთავრებულთა ნამუშევრები. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, კახეთში მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები. სტუმრებს შეეძლოთ, დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები, მიეღოთ მონაწილეობა არყის გამოხდასა და ჩურჩხელების ამოვლებაში. მოწყობილი იყო ასევე გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.

ზუსტად 17:10 საათზე - დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისტორიულ დროს - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა - „წინანდალი“ და „პატარა კახი“. დამოუკიდებლობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ხმები, ჯგუფი ,,გამოუვალი მდგომარეობა” და ნიაზ დიასამიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე წელს ცოდნის გაზიარებას ეძღვნება და მისი მთავარი გზავნილია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე. 101 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომელიც ყველა წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ ცნო. დამოუკიდებლობის დღე საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნება.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე