ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები იგეგმება

17 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის 2019 წლის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებებია მოსალოდნელი. მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე განიხილეს.


დაგეგმილი ცვლილებებით, ძეგლთა დაცვის პროგრამას ემატება ყორჩიბაშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვა და ქალაქ თელავის ტერიტორიაზე სავარაუდო მიწისქვეშა გვირაბების საძიებო სამუშაოები. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 15 300 ლარია გათვალისწინებული. „ყორჩიბაშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაცია და ქალაქ თელავის ტერიტორიაზე სავარაუდო მიწისქვეშა გვირაბების საძიებო სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.

მერიის მიერ ინიცირებული პროექტით პროგრამიდან ამოიღება დაბახნების არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაციის 5000 ლარიანი პროექტის შესყიდვა და დაბახნების საკონსერვაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენდა 10 300 ლარს. გამოთავისუფლებული თანხით დაფინანსდება ზემოთ აღნიშნული ორი პროექტი. პროექტის ავტორის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 144 000 ლარი უცვლელი რჩება და აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას. ჩვენმა კომისია თანახმაა, რომ ცვლილებების ეს პროექტი განიხილოს ჯერ საკრებულოს ბიურომ და შემდეგ საკრებულოს სხდომაზე გავიდეს“, - განაცხადა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე