თელავის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

სამართლებრივი აქტები

თავი III. ინფორმაციის თავისუფლება


მუხლი 27. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში;

ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს;

გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;

დ) თანამდებობის პირი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;

ე) სხდომა – საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა; 

ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;

ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;

თ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6327);

ი) აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან;

კ) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას;

ლ) პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4355  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №159  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

მუხლი 27​1 . პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ

 მუხლი 27​2 . კომერციული საიდუმლოება

1. კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

2. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

3. ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

4. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი.

5. საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5671 - სსმ I, №1, 03.01.2008წ., მუხ.3

მუხლი 27​3 . პროფესიული საიდუმლოება

პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

მუხლი 27​4 . სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.  

2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2767  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

მუხლი 29. აღმასრულებელი პრივილეგია

თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) ვინაობა დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 

მუხლი 30. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ კანონი აწესებს მისი გამხელისაგან დაცვის პირდაპირ მოითხოვნას, ადგენს ინფორმაციის გამხელისაგან დაცვის კონკრეტულ კრიტერიუმებს და შეიცავს საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ამომწურავ ჩამონათვალს.
 
 მუხლი 31. საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა
1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რომლის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.

2. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

 

 მუხლი 32. სხდომათა საჯაროობა

თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 33. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი

საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების დახურული სხდომის ოქმის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნებისმიერი ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამოქვეყნებისას მიეთითება პირი, რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და გასაიდუმლოების ვადა.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

    მუხლი 34. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა

 

1. კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

3. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები 33-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

4. სარჩელი გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევე სხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

    მუხლი 35. საჯარო რეესტრი

საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 

მუხლი 35​1. საქმისწარმოების მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები; ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, თუ დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ არის ამ თავით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5747 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 28  ივნისის   კანონი №1109 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. 

მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. 

მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.

4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 37​1. საჯარო დაწესებულებისათვის პერსონალური მონაცემებისა და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა საჯარო დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჯარო დაწესებულებისათვის საკითხის გადასაწყვეტად, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წერილობითი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ პირი განცხადებაში ან სხვა რაიმე წერილობით დოკუმენტში გამოხატავს თანხმობას, რომ საჯარო დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხის გადაწყვეტას, თავად გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულებისაგან.

3. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამცემი და მომთხოვნი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული მონაცემების ან ინფორმაციის საიდუმლოება.

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2542 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.8 

მუხლი 38. საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.
 
მუხლი 39. (ამოღებულია) 
 

   მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

  

 მუხლი 41. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა

1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

    მუხლი 41​1. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ

ამ კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლში მითითებული ვადების გასვლისთანავე.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

    მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

ყველას აქვს უფლება იცოდეს:

ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) საჯარო დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;  

ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;

მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4355  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №159  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2767  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

    მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 44. პერსონალური მონაცემების საიდუმლოება

საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2767  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

   მუხლი 45. (ამოღებულია)

    მუხლი 46. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

     მუხლი 47. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა. ზიანის ანაზღაურება

1. პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისას, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას;

ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისას და დამუშავებისას;

გ) საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.

2. მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს.

 

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.  

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4355  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №159  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 48. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამოთხოვა

სასამართლოს უფლება აქვს გამოითხოვოს და განიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით. სასამართლოს მხარის შუამდგომლობით უფლება აქვს ეს განხილვა აწარმოოს დახურულ სხდომაზე.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

    მუხლი 49. ანგარიშის წარდგენა და გამოქვეყნება

საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში:

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე;

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

     მუხლი 50. ადრე არსებული საჯარო ინფორმაციის ღიაობა

ამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებებისა, ღიაა, თუ იგი შექმნილი, გაგზავნილი ან მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამ ინფორმაციაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით მათი სიცოცხლის განმავლობაში.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

 მუხლი 24. საარჩევნო უფლება

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.

2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.  

საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

 

 

მუხლი 41. პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისათვის იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.

2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.

3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.  

საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის ბრძანება N710, 27/05/2019